|
უთუოდ მისასალმებელია
ქუთაისის გამომცემლობის მიერ ცნობილი ისტორიკოსის, ეგნატე გაბლიანის
ძის, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ემიგრაციაში მყოფი, ბატონი გივი
გაბლიანის "ჩემი მოგონებანის"
გამოცემა (გამომცემელი პროფ. მიხეილ რეხვიაშვილი, რედაქტორი - როსტომ
ჩხეიძე), რომლის დამამთავრებელი მეორე ტომი, ინგლისურიდან ნათარგმნი,
ახლახან მიიღო ჩვენმა მკითხველმა. თქმა არ უნდა - გერმანული დროშის
ქვეშ მებრძოლი მამაცი კაპიტნის (ეს სამხედრო წოდება მას ომის დასასრულს
მიუღია), გივი გაბლიანის მემუარები დიდ ინტერესს აღძრავს მკითხველში,
თუნდაც იმიტომ, რომ იგი თვითმხილველია და, ასე ვთქვათ, საკუთარ ტყავზე
აქვს გამოცდილი იმ ომის მთელი საშინელება და ტრაგედია. ავტორის
სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ჩინებული მეხსიერების წყალობით, არადა
"მოგონებანი" მას
დაუსრულებია 1995 წელს, ბევრი ქართველი მებრძოლისა თუ დაღუპულის გვარი
შემოგვინახა, ასახა ომის მრავალი პერიპეტია თუ დეტალი და კიდევ ერთხელ
დაგვანახვა ჩვენი ბედუკუღმართი წარსული, როდესაც ქართული სისხლი
იღვრებოდა ფრონტის ორივე მხარეს, მტაცებელ იმპერიათა დროშის ქვეშ.
მაგრამ ამ წიგნის ღირსებებზე ამჯერად არ მსურს საუბარი, მასში თავად
მკითხველი დარწმუნდება, როდესაც ~მოგონებებს~ წაიკითხავს. ამ წერილის
დაწერის მიზანი უფრო სხვა რამ არის. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო ის
გარემოება, რომ წიგნში ჩემი ღრმა რწმენით, უსამართლოდ არის საკმაოდ
ბნელ ფერებში დახატული ორი ღირსეული პიროვნება, რომელთა მიმართ,
პირადად მე, განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა გამაჩნია. პირველი,
უდავოდ, ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ
წმინდანად შერაცხული წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე), მეორე -
შალვა მაღლაკელიძეა, ახალციხისა და ტფილისის გენერალ-გუბერნატორი
1918-21 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული არმიის პოლკოვნიკი,
ქართული ლეგიონების "პატრონი"
(შვიდი ლეგიონიდან ერთ-ერთს მისი სახელი მიენიჭა), ხოლო 1944 წლიდან
გერმანული არმიის გენერალი. ამ უკანასკნელის ტრაგიკული ბედი, სხვა
ფაქტობრივ მასალებთან ერთად აღწერილია ჩემს მიერ შედგენილ
ექვსასგვერდიან წიგნში "ქართველები გერმანული
დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში", (თბილისი,
გამომცემლობა "განათლება",
1994 წ.). აქვეა აღსანიშნავი, რომ დღეს ეს წიგნი დიდ "მოდაშია"
ყვითელი პრესისათვის: იქიდან მთელ ტექსტებს იწერენ, აქვეყნებენ მასში
მოთავსებულ ფოტოებს და ყველაფერი ეს ხდება პირველწყაროს მოხსენიების
გარეშე.
დავიწყოთ გენერალ
მაღლაკელიძით, რადგან მისი ისტორიის გაშუქებით ნათელი ეფინება აგრეთვე
მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის გაშავების მცდელობასაც.
ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც შ. მაღლაკელიძე უკვე კარგა ხნის
გარდაცვლილი იყო, საქართველოს ეწვია ემიგრანტი, ექიმი დავით
ჩხატარაშვილი, რომელმაც "ლიტერატურულ
საქართველოში" (30 ოქტომბერი, 1992 წ.) შ.
მაღლაკელიძის დამცირება სცადა: "ბატონი
მაღლაკელიძე გერმანელი გენერალი არასოდეს ყოფილა. იგი მეფის დროს
"პროპორშჩიკი" იყო,
ხოლო გერმანულ ჯარში 195-ე ქართულ ბატალიონში იყო მრჩევლად უფროს
ლეიტენანტ ბიირთან". ექიმ ჩხატარაშვილის ამ
გამოხდომას მე დასაბუთებული პასუხი გავეცი ამავე გაზეთში (6 ნოემბერი,
1992 წ.), სადაც დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით წარმოვაჩინე, რომ
იგი, შ. მაღლაკელიძე, გაცილებით დიდ როლს ასრულებდა ისტორიაში, ვიდრე
ეს ექიმ ჩხატარაშვილს სურდა. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ითქვას,
რომ ნ. ჟორდანია თავის "მოგონებებში",
აღწერს რა თბილისის დატოვებას 1921 წელს, აღნიშნავს, რომ ქალაქის
მოსახლეობისადმი მიმართვა - პროკლამაციების გავრცელება დაავალა
გუბერნატორს და არა უბრალოდ "პროპორშჩიკს".
ანდა გავიხსენოთ თუნდაც პოლონეთის არმიის დივიზიის გენერლის,
ალექსანდრე ზაქარიაძის "მოგონება",
როდესაც იგი 1939 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. იგი წერს: "მხოლოდ
ორი კვირის შემდეგ ჩამომიყვანეს ტყვეთა ბანაკიდან. მაგრამ,
საბედნიეროდ, ბ-ნ შალვა მაღლაკელიძის ინიციატივით ამ საკითხში ჩაერია
გერმანული სარდლობა. მე მიმცეს საველე სასამართლოში, რომელმაც
გამამართლა" (იხ. ჟურნ. "მხედარი",
#1-4, 1994 წ.). როგორც ვხედავთ, აქაც ბ-ნი შალვას როლი გაცილებით უფრო
დიდია, ვიდრე ~უფროს ლეიტენანტ ბიირის მრჩევლისა".
გაცილებით დიდ სამხედრო წოდებას არგუნებს ბ-ნი გივი გაბლიანი შალვა
მაღლაკელიძეს, როდესაც მას "პოლკოვნიკად"
მოიხსენიებს, მხოლოდ ეჭვი ეპარება მის "გენერლობაში"
(იხ. გ. გაბლიანი, ტ. II, გვ. 248). მაგრამ ეს კიდევ არაფერი. იგი
"სასაცილოს" უწოდებს
ქართველ ემიგრანტებში გავრცელებულ აზრს, რომ შ. მაღლაკელიძე საბჭოთა
დაზვერვამ მოიტაცა. "როგორც ჩანსო"
- ამბობს გ. გაბლიანი - ~იგი მისულა გოგი (გიორგი) ვეფხვაძესთან და
დაუპირებია მისი საბჭოულებისაკენ (სიტყვათა ასეთი დამახინჯება არცთუ
იშვიათად გვხვდება ტექსტში, ვ.რ.) გადაბირება~. ამის მერე, ამას რომ
ვერ მიაღწიაო, განაგრძობს თავის ვარაუდებს გ. გაბლიანი, მან სწრაფად
დატოვა გერმანია და "საბჭოეთის მიწას"
მიაშურაო.
საკვირველია, თუ გადაბირება უნდოდა "საბჭოულებისაკენ",
რაღა გოგი ვეფხვაძეს მიმართა ცხონებულმა შ. მაღლაკელიძემ და არა
საკუთარ ძეს, გაიოზს, რომელიც ბრწყინვალე ოფიცერი გახლდათ გერმანიის
არმიისა, ხოლო გაიოზის ძე, ანუ შვილიშვილი შალვასი, შემდეგ სამხედრო
მფრინავი იყო ამერიკის ჯარში. მან ვიეტნამის ომში თავი გამოიჩინა და
სამხედრო ჯილდოები აქვს მიღებული?!
აქ ხაზგასმით მინდა
აღვნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.
კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია გერმანიიდან ჩამოტანილი
გაიოზ მაღლაკელიძის (გარდაიცვალა 1989 წლის 29 მაისს) არქივი,
რომელზედაც მუშაობის დროს არაერთგზის წავაწყდი თავად ბატონ გაიოზის
საჯარო განცხადებებს, რომელთა მიზანი იყო, დაედასტურებინა 1954 წლის
აგვისტოს დას. ბერლინიდან, საბჭოთა აგენტების მიერ მამამისის, შალვას
გატაცების ფაქტი, ხოლო ვინც ამას უარყოფდა ან ამის შესახებ ჭორებს
ავრცელებდა, სახელდებით იწვევდა მათ ღირსების სასამართლოზე და დუელში.
უნდა მოგახსენოთ, იმდროინდელი პრესით თუ ვიმსჯელებთ, გაიოზის ამ
განცხადებას ყველა გაუჩუმდა და ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ამის
თაობაზე კრინტი აღარავის დაუძრავს. აქვე დავუმატებ, რომ ამავე არქივში
დაცულ გერმანულენოვან დოკუმენტებში შ. მაღლაკელიძე მოიხსენიება, როგორც
გერმანიის არმიის გადამდგარი გენერალი. ის, რომ შ. მაღლაკელიძე
ნამდვილად იყო გერმანული არმიის გენერალი, რასაც აღნიშნავდნენ ქართველი
ემიგრანტები (იხ. მაგალითად, ფილოსოფიის დოქტორის, ილია კუჭუხიძის
"მოგონებები",
მიუნხენი, 1985 წ.), კიდევ ისიც ადასტურებს, რომ ბედის ირონიის
წყალობით, ამ სიტყვების ავტორმა 1976 წელს დავწერე და არალეგალურ
ჟურნალში (~საქართველოს მოამბე~, #2, 1976 წ.) გამოვაქვეყნე ნეკროლოგი
შ. მაღლაკელიძეზე. ეს "ნეკროლოგი"
შემდეგ ჩემი დაპატიმრების მთავარ ბრალდებად იქცა, სადაც ნათქვამი იყო,
რომ ამ ნეკროლოგში მე "ქება-დიდებას ვასხამდი
ფაშისტ გენერალ შ. მაღლაკელიძეს!" მკითხველი
დამეთანხმება, რომ "კგბ"-ს
არავითარ შემთხვევაში უფრო ნაკლები არ უნდა სცოდნოდა შ. მაღლაკელიძეზე,
ვიდრე დ. ჩხატარაშვილსა თუ გ. გაბლიანს.
ახლა ხაზგასასმელია ის
გარემოება, როგორ ხდებოდა შ. მაღლაკელიძის ~მოგონებანის~ ჩაწერა.
განსხვავებით გ. გაბლიანის ~მოგონებებისაგან~, რომელიც ინგლისურ ენაზე
დაუწერია ავტორს, ხოლო მისი პირველი ტომის თარგმანი დააფინანსა
ამერიკელმა ბიზნესმენმა გივი ზალდასტანიშვილმა, მეორისა კი - თავად გ.
გაბლიანის შვილებმა, შ. მაღლაკელიძის ~მოგონებანის~ ჩაწერა ხდებოდა
ფარულად, 1975 წლის აგვისტოში, თბილისში, როდესაც აქ კიდევ
მძვინვარებდა რუსული იმპერიის კომუნისტური რეჟიმი. ამიტომ ამ
ჩანაწერების გამოქვეყნება შეუძლებელი იყო, თვით დიდი სურვილიც რომ
გვქონოდა ამისა. მაშინ ამაზე არც კი გვიფიქრია, უბრალოდ, ეს
~მოგონებანი~ უნდა დარჩენოდა შთამომავლობას. 81 წლის შ.
მაღლაკელიძისათვის ეს იყო რაღაც აღსარების მსგავსი და ამ ჩაწერის მერე
მას დიდხანს აღარ უცოცხლია, იგი მომდევნო წელს გარდაიცვალა.
გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად კი სიკვდილის წინ ცდილობენ
სიმართლე თქვან. ჩემთვის, ჩამწერისათვის, გენერლის მონაყოლის
ჭეშმარიტისეულ ხასიათზე ისიც მეტყველებდა, რომ მისი მონათხრობი უწყვეტ
ლოგიკურ ჯაჭვს წარმოადგენდა, ხოლო თავისი მასშტაბურობით ნამდვილად
აღემატებოდა უბრალო ~ლეიტენანტისა~ თუ ~კაპიტნის~ მონათხრობს.
ყოველივე ზემოთქმულმა
უკვე ჩვენს დროს ბრწყინვალე დადასტურება ჰპოვა, როდესაც ხელმისაწვდომი
გახდა ქართველ ემიგრანტთა მემუარული ლიტერატურა და განსაკუთრებით ის
გარემოება, როდესაც ხელთ ჩამივარდა მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინში
გამომავალი ქართულენოვანი გაზეთი ~საქართველო~, რომელიც ქართველ
მხედართათვის იყო განკუთვნილი და თითქმის ომის დასასრულამდე გამოდიოდა.
ჩემს მიერ გამოცემულ ზემოხსენებულ ექვსასგვერდიან წიგნში გაზეთების
თითქმის მთელი ეს კომპლექტია შესული.
რა შევიტყვეთ ამ ხნის
მანძილზე, დღიდან მისი ~მოგონებანის~ ჩაწერისა, შალვა მაღლაკელიძეზე?
პირველ ყოვლისა ის, რომ, გენერლის მონათხრობი ზუსტად გადმოსცემს
ისტორიის ფაქტობრივ მხარეს და თუკი მასში რაიმე უზუსტობა ან სულაც
შეცდომაა გაპარული, ეს მის ხანდაზმულობას, მეხსიერების გაგებით, უნდა
მიეწეროს და კიდევ იმ გარემოებას, რომ ვიმეორებ, ეს ჩაწერა ხდებოდა
ფარულად, არალეგალურად და ხელთ არ გაგვაჩნდა რაიმე ლიტერატურა, რომელზე
გადამოწმებითაც შეიძლეობდა გენერლის ზეპირი მონათხრობის ჩასწორება.
ამგვარად, შ. მაღლაკელიძე ~გასაბჭოებულ~ საქართველოდან ემიგრაციაში
წასვლის შემდგომ მოგვევლინა რიგი პატრიოტული ორგანიზაციების
თავმჯდომარედ ან თანათავმჯდომარედ, როგორებიც იყვნენ ~ორნატი~, ~თეთრი
გიორგი~, ~ქართლოსი~ და სხვა. ამ დროს მისი კრიტიკოს-მაგინებელნი,
მომიტევოს ბ-მა გ. გაბლიანმა, ჯერ კიდევ ყმაწვილები იყვნენ ან სულაც
ბავშვები. ომის დროს ჩვენ უკვე ვიცით მისი როლი, მაგრამ მაინც მცირე
ამონაწერს მოვიტან იმდროინდელი გაზეთიდან (~საქართველო~, ~ქართული
ლეგიონის~ ყოველკვირეული გაზეთი, 6 ივნისი, 1943 წელი, #22-23): ~ამ
უკანასკნელ დროშაზე მეწამულ ფონზე, ამოქარგული იყო ბ-ნი შალვას
ინიციალები შ.მ. და ეს ენიჭებოდა ამ ლეგიონს განსაკუთრებული საბრძოლო
დამსახურების გამო მისი საბრძოლო მეთაურის, პოლკოვნიკ შალვა
მაღლაკელიძის პატივსაცემად~.
ამის მერე, როდესაც
ბრძოლებში გარდატეხა მოხდა რუსეთის სასარგებლოდ, გერმანიის სარდლობამ
ქართული ლეგიონები დასავლეთ ევროპაში გადაისროლა, რითაც ფრიად აღშფოთდა
შ. მაღლაკელიძე, რადგან, მისი განცხადებით, ჩვენ ფიცს ვაძლევდით, რომ
ვიბრძოლებდით რუსეთის წინააღმდეგ ქართული მიწის გასათავისუფლებლად და
არა ინგლის-ამერიკის ჯარების წინაღმდეგო. განაწყენებული შ. მაღლაკელიძე
ლეგიონებს ჩამოაშორეს და 1944 წელს ~საკომპენსაციოდ~ გენერლობა უბოძეს
(ამ ამბის ფართო და დეტალური განხილვა იხ. ჩემ მიერ ზემოხსენებულ
წიგნში).
დიახ, ასეთი იყო იმ
დროს შ. მაღლაკელიძის პოზიცია, განსხვავებით ბ-ნი გ. გაბლიანის
პოზიციისაგან. იმავე გაზ. ~საქართველოთი~ თუ ვიმსჯელებთ, ომის ბოლოს
ძალზე შესამჩნევი ხდება ამ უკანასკნელის ფიგურა გაზეთის ფურცლებზე, რაც
მე, სრული ობიექტურობის დაცვით, როგორც ისტორიკოსმა, უკლებლივ შევიტანე
ზემოხსენებულ კრებულში. აქ ფოტოც კი ქვეყნდება ბ-ნ გივი გაბლიანისა,
რომელსაც, ობერლეიტენანტს, I კლასის მამაცობის ორდენით აჯილდოვებენ.
მაგრამ საყურადღებო აქ თავად გ. გაბლიანის მოწოდებებია ქართველ
მეომართა მიმართ და ეს კეთდება, ვიმეორებ, ომის მიწურულს, გ. გაბლიანი
მოუწოდებს ქართველ ჯარისკაცებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
ებრძოლონ... ინგლის-ამერიკის იმპერიალისტებს! როგორც ჩანს, ბატონ გივის
დაავიწყდა გაზეთ ~საქართველოს~ არსებობა, სადაც დოკუმენტური სიცხადითაა
ასახული მისი პოლიტიკური მრწამსი იმ დროს, თორემ ცოტა უხერხულობას
მაინც იგრძნობდა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში მან ეს მოწოდებები
~დაივიწყა~, გერმანიას ზურგი აქცია და ~საძულველ~ ამერიკის შეერთებულ
შტატებს შეაფარა თავი ოჯახთან ერთად. ამისი ჩამდენი, თითქოს შ.
მაღლაკელიძეს აღარ უნდა ედავებოდეს, თორემ რა გამოდის? (სრული
კომპლექტი გაზეთ ~საქართველოსი~, სადაც მკითხველი უფრო ფართოდ იხილავს
გ. გაბლიანის იქ დაბეჭდილ სიტყვებს ომის მიწურულს, ინახება ბ-ნ გურამ
შარაძესთან, რომელმაც თავის დროზე მათხოვა იგი წიგნში შესატანად).
რაც შეეხება შ.
მაღლაკელიძეს, იგი გერმანიაში 1954 წლის 26 იანვარს აარსებს
ორგანიზაციას, სახელწოდებით "ქართველ მხედართა
დარაზმულობა უცხოეთში", რომელსაც დიდად
კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა (დაწვრილებით იხ. ზემოხსენებულ
წიგნში 588 გვერდიდან). მაგრამ იმავე წლის აგვისტოში, როგორც ვთქვით,
მას რუსეთის აგენტურა იტაცებს დასავლეთ ბერლინიდან და საბოლოოდ
საქართველოში ჩამოჰყავთ. ჩეკისტების მიერ განხორციელებული ასეთი
მოტაცების არა ერთი და ორი ფაქტი უკვე არსებობდა რუსი თეთრგვარდიელი
გენერლებისა და სხვათა (უკრაინელების, სერბების და ა.შ.) მიმართ, ხოლო
მიზანი შ. მაღლაკელიძის მოტაცებისა უფრო პროპაგანდისტული ხასიათისა
უნდა ყოფილიყო და გენერალს რაღაც სატყუარას როლი უნდა ეთამაშა, რომ აი,
შეხედეთ, ასეთ ხალხს ჩვენ ხელს არ ვახლებთ და სხვებსაც შეუძლიათ
ჩამოსვლაო. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გენერალს თავისი მოტაცების
ამბავი არ დაუმალავს და პირიქით, სხვებსაც აფრთხილებდა. უფრო
დაწვრილებით ამის თაობაზე მკითხველს ისევ ზემოხსენებულ წიგნზე
მივუთითებ, სადაც იგი აგრეთვე ქართველი ლეგიონერების ძალზე დადებით
მოგონებებს იხილავს გენერალზე.
ახლა დადგა დრო, რომ ვიკითხოთ, განსაკუთრებით ბატონები დავით
ჩხატარაშვილი და გივი გაბლიანი რატომ არიან ასე დაინტერესებულნი შალვა
მაღლაკელიძის ~მხილებითა~ და ძაგებით. მართალია, თავად ბ-ნი შალვა
აღნიშნავდა მის გაუცხოებასა და არამეგობრულ დამოკიდებულებას ემიგრანტთა
გარკვეულ წრეებთან, რასაც იმით ხსნიდა, რომ ამ ემიგრანტებს, მეტწილად
სოციალ-დემოკრატებს, ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უნდოდათ და რადგან
გერმანულ სამხედრო უწყებაში საკმაოდ მაღალი პოსტები მეკავა,
მოითხოვდნენ, რომ მათთვის პატაკები და ახსნა-განმარტებები
ჩამებარებინაო, რასაც მე არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებდი და არც
უნდა გამეკეთებინაო. მაგრამ რაც შეეხება ბ-ნ დ. ჩხატარაშვილსა და ბ-ნ
გ. გაბლიანს, აქ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საკმარისია
ითქვას, რომ ორივე ეს ბატონი ქვისლები არიან. თავის დროზე მათ ქართველი
ემიგრანტის გრიშა ალშიბაიას ქალიშვილები მოუყვანიათ ცოლად (რამდენადაც
ვიცი, ბ-ნი დავით ჩხატარაშვილი დღეს ცოცხალი აღარ უნდა იყოს). ამ
ჩვენთვის უკვე ცნობილ ქვისლებს ჰყავდათ კიდევ ერთი ცოლისძმა, ბატონი
მიხეილ გრიგოლის ძე ალშიბაია. რათა მკითხველი კარგად გაერკვეს
სიტუაციაში, ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ბ-ნი შალვა მაღლაკელიძე ადრეც
და განსაკუთრებით გერმანელთა მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს, დიდად
მეგობრობდა ვარშავაში მცხოვრებ მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძესთან. გრიშა
ალშიბაია კი იმ დროს ვარშავაში ცხოვრობდა. და აი, 1992 წელს თბილისში
ჩამოსულმა დავით ჩხატარაშვილმა ჟურნალ ~განთიადში~ წაიკითხა უკვე კარგა
ხნის წინ გარდაცვლილი შალვა მაღლაკელიძის "მოგონებანი"
(იგი ქვეყნდებოდა ჟურნალის რამდენიმე ნომერში, გაგრძელებებით). ცხადია,
მას კარგ გუნებაზე არ დააყენებდა მაღლაკელიძის ეს ნაამბობი: ~გრიშა
ალშიბაია ამ თავისი გერმანულის ცოდნით დაუახლოვდა გერმანელებს და მალე
გახდა მათი გესტაპოს ~ფერტრაუესმანი~ - სანდო პირი - პოლონეთის
ტერიტორიაზე. ამავე დროს იგი უწინაც უპირისპირდებოდა ქართული
საზოგადოების თავმჯდომარეებს პოლონეთში - ყურულაშვილს, კოტე იმნაძეს,
ე.ი. მას თავმჯდომარეობა უნდოდა - მაშინ მას უფრო დააფასებდნენ
პოლონელები და მერე გერმანელები. ამ მიზნით, ალბათ, იგი გრიგოლ
ფერაძესაც გადაემტერა, რადგან ფერაძეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და
შესაძლო იყო აერჩიათ იგი საზოგადოების თავმჯდომარედ. რაც შეეხება მიშა
ალშიბაიას, ისიც გესტაპოსთან თანამშრომლობდა. ომის მერე მიშა ალშიბაია
ამერიკელებს მიემხრო და გაყიდა ყველა ის, ვინც "გესტაპოში"
იყო - ასეთი იყო ემიგრაციის აზრი, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ის ფაქტი,
რომ ალშიბაიების მთელი ოჯახი სიძეებიანად ამერიკაში წავიდა, რაღაცაზე
მეტყველებს".
ამას დ. ჩხატარაშვილმა
~ლიტერატურული საქართველოს~ ფურცლებზე, როგორც უკვე ვთქვით, ტყუილითა
და ცილისწამებით უპასუხა და როგორც ქვემოთ კიდევ დავრწმუნდებით,
სამწუხაროდ, არც ბ-ნი გ. გაბლიანი დაშორებია დიდად ამ მხრივ თავის
ქვისლს.
გრიგოლ ფერაძეზე
სანამ ამ მორიგ
ცილისწამებათა გამომზეურებაზე გადავიდოდეთ, მკითხველს მსურს შევახსენო
გრიგოლ ფერაძის პიროვნება. როგორც აღვნიშნე, საქართველოს
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. წელს ჩვენმა
ეკლესიამ გამოსცა წიგნი - ~ქართველ წმინდანთა ცხოვრება~, რომელიც,
როგორც გარეკანზე ვკითხულობთ, ~ეძღვნება ქრისტეს შობიდან 2000 და
საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს~. რასაკვირველია, წიგნი
დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით. თქმა არ უნდა, რომ
მასში შესული ჩვენი წმინდანთა ცხოვრება მაქსიმალურად შეჯერებულია
ისტორიულ პირველწყაროებთან და სხვა სასულიერო მნიშვნელობის ტექსტებთან.
სწორედ ნოემბერში აღინიშნება, ამ წიგნის მიხედვით, ოსვენციმის ბანაკში
აღსრულებული, (1942 წ.) წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის - გრიგოლის
ხსენება. რას ვიგებთ წიგნში გამოქვეყნებული წმინდანის ცხოვრებიდან? იგი
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც
შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. ისეთი წარმატებული გამოდგა წმ.
მამის განსწავლა, რომ უკვე 1927 წელს ბონის უნივერსიტეტის
პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე დაინიშნა. 1931 წლიდან ბერად აღიკვეცა
და მღვდელ-მონაზვნის ხარისხიც მიიღო. ~მთელ თავის სახსრებს~ -
ნათქვამია მის ~ცხოვრებაში~ - ~იგი ახმარდა სირია-პალესტინაში,
საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში
ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის
ცნობების მოძიებას~. შემდეგ: ~ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი
გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და
მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი
საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა,
ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან,
როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა,
რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს და მხოლოდ
ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ქართულმა საზოგადოებამ არც ის იცოდა, რომ
მისი დაარსებულია წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და
სამრევლო ჟურნალი ~ჯვარი ვაზისა~. 1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე
ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის
შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი
მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი
მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა. დაპატიმრების
უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარავდა
ფაშისტებისაგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს.
გრიგოლ ფერაძე ჩასვეს პავიაკის ციხეში (ვარშავაში). იმავე წლის
ნოემბრის დამდეგს გააგზავნეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში.
ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942
წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. როგორც ირკვევა,
არქიმანდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, რის გამოც გაზის კამერაში
მოაკვდინეს~. (იხ. აგრეთვე გოჩა ჯაფარიძის ~შესავალი წერილი~ წიგნში:
~გრიგოლ ფერაძე, უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი
ბერებისა და ქართული მონასტრის შესახებ~, თბ. 1995 წ.).
”ქართველ წმინდანთა ცხოვრების” ამ მონაცემებს წინ უძღოდა გაზეთ
”ლიტერატურულ საქართველოში” (17-24 იანვარი, 1997 წ.) ბატონ ამბროსი
გრიშიკაშვილის პუბლიკაცია, რომელმაც პოლონური ჟურნალიდან თარგმნა
პოლონელი მღვდლის, ჰენრიკ პაპროცკის გამოკვლევა გრიგოლ ფერაძის საქმის
შესახებ, რომელიც მან ჩაატარა ~საქართველოს ემიგრაციული მთავრობის
დოკუმენტების ფოტოასლების~ განხილვის შედეგად. ცხადია, ამ ვრცელ
განხილვას აქ ვერ გადმოვიტანთ, მაგრამ ჩვენდა, ქართველების
სამარცხვინოდ, პოლონელი მღვდელი დაასკვნის, რომ გრ. ფერაძე გახდა
მსხვერპლი ~პოლიტიკური ინტრიგებისა და პარტიული ანგარიშსწორებისა~. ჯერ
იყო და გრ. ფერაძეს (სხვათა შორის, შ. მაღლაკელიძესთან ერთად) ცილი
დასწამეს, რომ მან გერმანელებს დააპატიმრებინა სამი ანტიგერმანულად
განწყობილი ოფიცერი. ამაზე პოლონელი მღვდელი განცვიფრებული კითხულობს:
~თუ მღვდელი ფერაძე ოკუპაციის დროს გერმანელებთან თანამშრომლობდა,
მაშინ როგორ მოხდა, რომ იმავე გერმანელებმა დააპატიმრეს იგი 1942 წლის
5 მაისს და იმავე წლის ბოლოს (6 დეკემბერს) ოსვენციმის საკონცენტრაციო
ბანაკში სასიკვდილოდ გაიმეტეს?~ მაგრამ ყველაზე მართალ ვერსიად
პოლონელს მიაჩნია გერმანულ ენაზე დაწერილი ერთადერთი დოკუმენტი
პოლკოვნიკ კანდელაკისა, რომელიც მან წარუდგინა გრიგოლ ალშიბაიას და
სადაც გრ. ფერაძე დახასიათებულია როგორც ~ფულზე დახარბებული კაცი~,
რომელსაც კავშირი ჰქონია პოლონეთის კონტრდაზვერვასთან. ~ეს დოკუმენტი~
- ამბობს პოლონელი მღვდელი - ~რომელიც ნამდვილად გერმანელთათვის
გამზადდა, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო~.
ჯერ კიდევ ჩემთან
საუბრის დროს გენ. შ. მაღლაკელიძემ გრ. ფერაძის დაპატიმრების შესახებ
თქვა, რომ საწყალს ჩხრეკის დროს ერთადერთი ხუთდოლარიანი უპოვეს და ეს
~დიდ სამხილად~ იქნა მიჩნეულიო. ხოლო კანდელაკის ~დონოსში~ გრ.
ალშიბაიასადმი, გრ. ფერაძეს ბრალი ედება, რომ პოლონური კონტრდაზვერვის
წყალობით მან ~გარკვეული თანხა მოიპოვა~, რაც ~საშუალებას აძლევდა
ხშირად წასულიყო საზღვარგარეთ~. ამაზე პოლონელი მღვდელი დასძენს:
~დახასიათების ავტორმა ვერ გაითვალისწინა, რომ უნივერსიტეტის ხელფასი,
მარტოხელა პროფესორს საშუალებას მისცემდა, ხანდახან ემოგზაურა
საზღვარგარეთ~. პოლონელის თქმით, გრ. ფერაძის განადგურებას აშშ-ში
მცხოვრები გიორგი ნაკაშიძე მთლიანად ქართველების ~დამსახურებად~
მიიჩნევს, ვიცი, ვინც ეს ჩაიდინა, მაგრამ ვერ ვიტყვიო (საინტერესოა,
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბერიკაცი ვინ დააფრთხო ისე, რომ
სიმართლის თქმის ეშინია?!). დაბოლოს, ჰენრიკ პაპროცკი გვამცნობს შემდეგ
მნიშვნელოვან ფაქტს. ~1994 წლის ივნისში~, - ამბობს იგი -
~პოლონეთ-ისრაელის იანუშ კორჩაკის სახელობის მეგობრობის საზოგადოებამ
ვარშავის მიტროპოლიას გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია: გთხოვთ,
თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ გრიგოლ
ფერაძის დიდებული სული, რომელიც ნაცისტებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო
ბანაკში მოკლეს ებრაული ოჯახების შეფარებისა და დახმარების
აღმოჩენისათვის~.
ჩვენგან, ქართველებისაგან განსხვავებით, ებრაელებს, თუნდაც მათი
~მოსადის~ წყალობით, არ ერევათ მტერი და მოყვარე და არც ის, რის გამო
იქნა კაცი დასჯილი.
ახლა ვნახოთ, გრ.
ფერაძის შესახებ რას ღაღადებს გ. გაბლიანის ~მოგონებანის~ II ტომი.
ბ-ნი გაბლიანის თქმით, გრიგოლ და მიხეილ ალშიბაიების წინააღმდეგ ვინმე
დემეტრამ მიუნხენში რუსულ ენაზე გაავრცელა გვარის მოუწერლად მათზე
ცილისწამებანი, ალშიბაიებმა მას უჩივლეს და სასამართლოზე დამტკიცდა ამ
დემეტრას ~ბრალეულობა~ და ~საბჭოთა აგენტობა~. ბ-ნი გაბლიანი ბრძანებს:
~სასამართლოს სხდომის მასალათა და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც
ქვემოთ არის მოყვანილი, თავისთავად ნათელს ჰფენს საქმეს. რუდოლფ
აშენაუერი ყველაფერს ააშკარავებს პროცესის დაწყებიდან დამთავრებამდე და
ამიტომ პირველად მისი სიტყვის წაკითხვაა საჭირო. (რ. აშენაუერის მიერ
ზოგი დეპოზიტი და დოკუმენტი აქ არ არის მოცემული, მაგრამ ისინი დაცულია
ჩემს არქივებში)~.
მართალი მოგახსენოთ, ეს
რომ წავიკითხე, დიდი გულისყურით დავიწყე შესწავლა ხსენებული
დოკუმენტებისა, მაგრამ ნაცვლად დაპირებული სიცხადისა, ყოველ
შემთხვევაში, ჩემთვის, იგი კიდევ უფრო გაბუნდოვანდა. არ ვიცი, ბატონ
გივის თავის არქივებში კიდევ რა დოკუმენტები მოეპოვება, მაგრამ ის ორად
ორი დოკუმენტი საკითხს ნამდვილად ვერ ჰფენს ნათელს. თავად განსაჯეთ,
1951 წლის 12 დეკემბერს მიუნხენის სასამართლოს პროკურორი (?) აშენაუერი
შემდეგნაირად მიმართავს: ~ვაცნობებ სასამართლოს, რომ მე წარმოვადგენ
დოქტორ გრეგორ და მიხეილ ფონ ალშიბაიას~. ამის მერე იწყება მეტნაკლებად
წარმატებული მტკიცება იმისა, რომ ეს ვიღაც დემეტრა ძველთაგანვე იყო
საბჭოთა აგენტი. შემდეგ, მოწმეებზე დაყრდნობით, აშენაუერი ამტკიცებს,
რომ ~მიხეილ ალშიბაიას არაფერი ესაქმებოდა სახელმწიფო საიდუმლო
პოლიციასთან~, თუმცა, არსებობს მოწმეთა შორის წინააღმდეგობაც: ~თავად
ნაკაშიძეს, აგრეთვე, შეუძლია დაამტკიცოს, რომ გენერალ მაყაშვილის
ბრალდება მცდარია~. შემდეგ აშენაუერი წერს: ~საინტერესოა აღინიშნოს თუ
როგორ ახასიათებს ავტორი (დემეტრა? ვ.რ.) ფერაძეს, სინამდვილეში ფერაძე
მუშაობდა საბჭოელებთან~.
მე არ მესმის, თუკი
დემეტრა საბჭოთა აგენტი იყო, რატომ გათქვამდა იგი ფერაძის
~საბჭოელობას~, ან ეს ფრაზა თუკი აშენაუერს ეკუთვნის, სად არის ამის
მტკიცებულება? დაბოლოს, სად არის თავად სასამართლოს გადაწყვეტილება?
შემდეგი დოკუმენტი, ჩემი აზრით, კიდევ უფრო კურიოზული ხასიათისაა, მას
ხელს აწერს ~პროფ. დოქ. გერჰარდ ფონ მენდე~ და დათარიღებულია იმავე
1951 წლის 10 დეკემბრით. დოკუმენტს ზემოდან ~დეკლარაცია~ აწერია. ფონ
მენდეს თქმით, გრიგოლ ფერაძის საქმე შემდეგნაირად ~გასკდა~:
~საუბედუროდ, გარეუბნის ინტელიგენციამ რუსეთის საზღვარზე დაიჭირა ერთი
ქალი, მას უპოვეს დაშიფრული ინფორმაცია, რომლის სათავე იყო ფერაძე~.
რა არის ეს ~გარეუბნის ინტელიგენცია~ ან ~რუსეთის საზღვარზე~? -
ჩემთვის ამოუხსნელია. ადვილი შესაძლებელია, აქ ცუდ თარგმანთან გვქონდეს
საქმე, მაგრამ ამ ტექსტის არც ინგლისური ვარიანტი და არც დედნისეული
გერმანული ჩვენ არ მოგვეპოვება, რომ გავიგოთ სინამდვილეში რა
იგულისხმება აქ (რაც შეეხება მთელ თარგმანს, გერმანული სინამდვილის
გადმოტანისას მთარგმნელი ზოგჯერ ინგლისურ ~სერ~-ს (შირ) ხმარობს, რაც
სიყალბეა). ამის მერე მოდის იმისი დადასტურება, რომ ფერაძეს ~უამრავი~
დოლარი და გირვანქა აღმოუჩინეს და რომ იგი ~საბჭოელების სამსახურში~
იმყოფებოდა. მაგრამ შემდეგ ისევ უეცარი ფრაზა: ~საბჭოეთისათვის მისი
ჯაშუშური საქმიანობა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა~. ცოტა ქვემოთ:
~ქართველების მხრივ და უფრო ნაკლებად დოქტორ ალშიბაიასაგან ცოტა როდი
გაკეთდა ფერაძის წინააღმდეგ~.
თქვენი რა მოგახსენოთ, მკითხველო, მაგრამ ჩემთვის ასეთი ~დოკუმენტის~
არსებობა ვერავითარ ჩრდილს ვერ აყენებს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ
ფერაძეს.
გივი გაბლიანის ~ჩემი
მოგონებანის~ II ტომის დასაწყისში გამომცემელი, ბ-ნი მიხეილ
რეხვიაშვილი ასეთ რამეს ბრძანებს: ~გივი გაბლიანის შესახებ ჩემს
ბავშვობაში ლეგენდები დადიოდა. თითქოს უცხოელის პასპორტით საქართველოში
ფარულად ჩამოსულა, სასტუმროში გაუთევია ღამე, შემდეგ სვანეთში დედა
უნახავს, მაგრამ არ გამომცნაურებია, როგორც უცხოელი, ისე შეხვედრია და
უკან გაბრუნებულა ისევ~.
უნდა დავეთანხმო ბატონ მიხეილს, რომ მეც მსმენია ასეთი ლეგენდა.
მაგრამ, მოდით დავფიქრდეთ, და აქ მხოლოდ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ,
ვიმეორებ, ვარაუდს: უკვე ათი წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელია.
თუკი საბჭოთა რეჟიმის დროს, ასეთ სარისკო საქმეზე წავიდა ბატონი გივი,
ახლა ხელს რა უშლის, მის სანატრელ და სანუკვარ სამშობლოს ერთხელ მაინც
რატომ არ მოინახულებს? ხომ არ არის ეს ვინმეს წინაშე ჩადენილი
დანაშაულის გამო, როდესაც მისი ჭირისუფლის დანახვაც არ სურთ? ღმერთმა
უწყის, ჩვენ კი ვერ განვსჯით...
დაბოლოს, რაკი სიტყვამ
მოიტანა, ამ წერილს მინდა დავურთო ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც
მკითხველისა და განსაკუთრებით, ისტორიკოსებისათვის უინტერესო არ
იქნება. 1996 წლის 14 მაისს სამსახურში მეწვია ექიმი - ბატონი ლუდვიგ
ფანჯავიძე. მან, როგორც ცნობილი წიგნის ავტორსა და შემდგენელს (იხ.
ზემოთ, ~ქართველები გერმანული დროშის ქვეშ~...) გადმომცა 1942 წლის
ოქტომბერში რაჭაში ჩამოგდებული გერმანული პროკლამაცია. იგი ქართულ
ენაზე ყოფილა დაბეჭდილი, როდესაც შალვა მაღლაკელიძის ლეგიონს ოსეთის
ზედა ურეხი ჰქონდა დაკავებული. ბატონი ლუდვიგი მაშინ 17 წლის თუ
იქნებოდა, თავად პროკლამაცია დაუწვავს, მაგრამ ტექსტი კი გადმოუწერია
თავისი ხელით და თან ზედ გერმანული გერბის ადგილიც მიუთითებია. აი
ისიც:
~ქართველებო!
დიდი ხანია უკვე გერმანული ჯარის რიგებში იბრძვიან საბჭოთა რუსეთის
წინააღმდეგ თქვენი ძმები - ქართველი მოხალისენი!
მალე მოვლენ ისინი ქართული ეროვნული დროშებით, გამარჯვებულ გერმანულ
ჯართან ერთად სამშობლოში!
ჩვენ ვიბრძვით თქვენ განსათავისუფლებლად საბჭოთა რუსეთის მონობიდან და
არა კავკასიის ერების წინააღმდეგ: ჩვენ მოგვაქვს მოსპობა
კოლმეურნეობაში ძალით შერეკილ გლეხთა მონობისა. თავისუფალი გლეხი
თავისუფალ საკუთარ მიწაზე! - თავისუფალი მუშა სრული პატრონი თავისი
შრომით მოპოვებულისა! - თავისუფალი კერძო ვაჭრობა და ხელოსნობა! -
დაცული იქნება თქვენი ზნე-ჩვეულება და ადათი, სარწმუნოების თავისუფლება
- დანგრეული ეკლესიის აღდგენა! - ქართული ეროვნული სკოლა! - აყვავდება
ეროვნული კულტურა - მოგეცემათ მომავალში თვითმმართველობა ფართე
საწყისებზედ.
ადოლფ ჰიტლერის ახალი ევროპა, ეს არის ქვეყანა თავისუფლებისა და
სოციალური სამართლიანობის. ის ანადგურებს მხოლოდ
ებრაულ-მარქსისტულ-ბოლშევიკურ რეჟიმს. მოაქვს ერებისათვის ეროვნული
თავისუფლება, ათავისუფლებს გლეხებს და მუშებს ბოლშევიკური მონობისგან.
ქართველებო! წინააღმდეგობა არ გაუწიოთ თქვენ განმათავისუფლებელთ, არ
ესროლოთ თქვენ ძმებს; შეხვდით მათ ღირსეულად, პატივისცემით,
თქვენებურად, ქართველურად. ვინც ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
მონაწილეობას მიიღებს, მისი ამაგი ჯეროვნად დაფასებული იქნება.
გაუმარჯოს ადოლფ ჰიტლერს და გერმანელ ერს! გაუმარჯოს ქართველ ერს!
გერმანიის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლობა~.
სულაც არა მსურს ჩემი
წერილი გერმანული პროკლამაციით დავასრულო.
დღეს, არა მარტო ქრისტიანული სამყარო, არამედ კეთილი ნების ყველა
ადამიანი დიდ პატივს მიაგებს იმ ქრისტიანებს, რომელთაც ტოტალიტარული
რეჟიმის (ფაშისტურისა თუ კომუნისტურის) მძვინვარების ჟამს,
იმყოფებოდნენ რა მის მსხვერპლთა შორის, სხვისათვის განკუთვნილი
სასჯელი, წამებით სიკვდილი, თავის თავზე აიღეს და სხვებს შეეწირნენ.
ასეთი იყო, მაგალითად, პოლონელი მღვდელი მაქსიმილიან კოლბე
(1894-1941), რომელიც 1982 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად
შერაცხა. აღმოსავლურ, მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ მხრივ ჰყავს თავისი
მანათობელი ვარსკვლავი, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე და სწორედ
მას მოვუხმობ:
~იხარებს სული შენი წმინდათა მოციქულთა თანა, გვირგვინო მოწამეთაო,
მამაო გრიგოლ, სიხარულსა საუკუნოსა ღირს - გვყვენ ლოცვითა შენითა!~
(იხ. ~ქართველ
წმინდანთა ცხოვრება~, თბილისი 2000, გვ. 335).
4 დეკემბერი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე, 2000 წელი.
გაზ. ~ლიტერატურული საქართველო~, 19-25 იანვარი, 2001 წ.
სტატია ამოღებულია ვიქტორ რცხილაძის წიგნიდან: ~ბოროტება, მისი ნიღბები
და გამოვლინება საქართველოში~ (თბილისი, 2006 წ., რედაქტორი: ემზარ
კვიტაიშვილი).
|